საბედისწერო სახე


ექვს ათეულ წელს უკვე გადავაბიჯე და ჩემს თვალებს უშნო ქალი ჯერ არ უხილავს. ღმერთმა არცერთი ქალი არ დატოვა გულნაკლული, ყველაზე უჩინარ ქალსაც კი, რომელიღაც მხრიდან მშვენიერების საბურველი მოახვია. ჰო, რამდენი მშვენიერი, ულამაზესი ქალი ჰყოლია ჩვენს ქვეყანას, მაგრამ ლიკა ქავჟარაძე განსაკუთრებულია. ყველა ულამაზესი ქალი მაინც დედის მუცლიდან დაბადებულს ჰგავს. ლიკა კი თითქოს ღმერთმა საკუთარი სხივ-ნათლოვანი თითებით გამოძერწა, რათა მისი არსებობა გვერწმუნა.

საოცარია ლიკა ქავჟარაძის სახე, მსოფლიოს ვერცერთი კინოვარსკვლავი შეედრება მას. დაუსრულებლად და მოუწყინრად შეიძლება მისი ფოტოპორტრეტების ცქერა. იდუმალ წიგნს ჰგავს, ჯადოსნურ ჰერბარიუმს.

ძნელია მოიხელთო, სახელდობრ რა გხიბლავს მასში, მხოლოდ ღვთიურად დახვეწილი ნაკვთები არა, ამას გარდა მას სახეზე, ნაკვთთა შორის აქვს კიდევ რაღაც, რასაც გრძნობ, მაგრამ სიტყვებით ვერ გამოხატავ. საბედისწერო სახე უწოდა ამ გულისტკენამდე მშვენიერ სახეს ერთმა რეჟისორმა ქალბატონმა. ვინატრებდი, ისეთი ფილმი გადაიღონ ლიკა ქავჟარაძეზე, სადაც მხოლოდ პორტრეტები ჩარიგდება კადრებად- ბავშვობიდან ზრდასრულობის ჩათვლით. სხვა არცერთი ზედმეტი სიტყვა, არაფერი მეტი. უკეთეს შედევრ ფილმს ალბათ სიცოცხლის ბოლომდე ვერ ვნახავ.

ნეტა შესაძლებელი იყოს დროში უკან დაბრუნება, მისი სიცოცხლის და ჯანმრთელობის გახანგრძლივება, რაღაც მანქანებით მისი თვითგანადგურების შეჩერება. ასეთი უჩვეულო სილამაზე ხომ მხოლოდ საკუთარ თავს არ ეკუთვნის, მასში თვითეული ქალის წილი ჩითილი ხარობს და ეს ჩითილი კვდება, როცა პეპელასავით ფრთასუსტად გადიფარფატებს და ასე ხანმოკლე აღმოჩნდება ამ ღვთიური ქმნილების ცხოვრება.

ღმერთო, სად მიდის ასეთი მშვენიერება!


დატოვე კომენტარი