კაცი ყოჩივარდებით


გაკეთდა მშვენივრად. არც დაიშალა და არც არაფერი. ახლა მთავარია შუქს არ აპარებდეს საიდანმე.  გელამ, მაგ ფასად ახალ ,,zork”-ის იყიდდიო, ახალი არ მინდა, მამაჩემის ნაქონი მირჩევნია.  გუშინ, მწერალთა სახლის ეზოში ამ ფოტოაპარატით რომ ვჩხირკედელაობდი,   შეუმჩნევლად მომეპარა და რამდენიმე ფოტოც გადამიღო.

ვეებერთელა ფოტოაპარატი ეკიდა ყელზე, ფოტოებიც ისეთი გაბარიტებისაა, skype-თიც ვერ გადაგზავნი. ნამდვილად არ შემშურებია  და არ მომნდომებია ის აპარატი. ეტყობა პროფესიონალთა სულისკვეთება აინუშშიც არ მომდის. დღეს ტკბილი ამინდი იყო, ავუყევი ბაგრატის კიბეებს, ეზოს გადმოღმა კლდესთან კაცი ყოჩივარდებს კრეფდა.

ეტყობა გასაყიდად კიარა, ისე კრეფდა, თავისთვის. და რომ ავიარე, ის იყო ძაფი შემოახვია,  გაკონა .  კაცისთვის სახეზე არც შემიხედავს,  მაგრამ ძალიან ლამაზი მეჩვენა ეს სურათი, კაცის უანგარო ხელში ყვავილები და ასეც ვუთხარი, ყვავილები გიხდებათთქო. – ინებეთო, გამომიწოდა. ვიუარე, რა მიხვედრა უნდოდა, რომ ამ კონას ადრესატი ეყოლებოდა, იქვე ქალიც გაილანდა. ვიფიქრე, რამე არ გავუფუჭო ამ ხალხსთქო და ავილალე კიბეებზე, –ასეთი იანვარი გინახავთო? – კაცმა მომადევნა. ,,იანვარში, იანვარში გაგვითენდა გაზაფხული” ახლა გამახსენდა ძველი სიმღერა და მცირე პერიფრაზირებით მოვადევნე ამ ამბავს.  ხომ შეიძლებოდა გადამეღო? აზრად არ მომსვლია, ანუ პროფესიული კუთხით არ ვუყურებ ფოტოგადაღებას, არც სამარიაჟოდ მინდა.  უბრალოდ, მეგობარი მჭირდება და მისი ცივი კეფა მაწყნარებს. ძირითადად მწვანე ფერებს ვიღებ და ესეც ძალიან მსიამოვნებს.  ბაგრატს ზემოთ შევუყევი, შეყვარებული წყვილები ფოტოებს იღებდნენ და რამდენიმე ბავშვი თამაშობდა იქვე.  წასული უცხოელი შემობრუნდა ისევ და რომ ვიღებდი, ეტყობა შეშურდა ჩემი, ისე ათვალიერებდა ირგვლივ ყველაფერს, ეტყობოდა ძალიანაც მოსწონდა და დასატოვებლად ენანებოდა. წაღება და მხარზე აკიდება რომ შეძლებოდა, ძალიანაც კარგად აიკიდებდა. გადავიღე ბაგრატის ჩრდილოეთი მხრიდან, ჭომის მხარე, ბოტანიკური ბაღი, ხვამლის მთა, მწვანეყვავილა. ამაღამ კასეტაში ჩავახვევ და ვნახოთ, რა გამოვა.


დატოვე კომენტარი