საუკუნის წინანდელი ქრონიკები
1906 წ. გაზ. ,,გრ_ლი”
* რაჭიდან გვატყობინებენ, რომ იქ სოფელ წესში დარაჯმა კანთელაძემ დააპატიმრა გზათ მიმავალი ა. გ–ძე და ნ. ტოროშელიძე. მიზეზი დატყვევებისა ის აღმოჩნდა, რომ მგზავრებს ,,შლიაპები“ ეხურათ. ამბროლაურის ბოქაულმა ორივენი გაანთვისუფლა, მაგრამ აღვირაწყვეტილი დარაჯისათვის ერთი სიტყვაც არ უთქვამს. ალბათ ბოქაულსაც რიგზე ეშინია მათი.
* ქუთაისიდან გვწერენ: 3 ენკენისთვეს, როდესაც რიონის სადგურიდან მატარებელი დაიძრა, კონდუქტორ კოსტა სირაძეს შეუმჩნევია ვაგონში ერთი საწყალი ქალი ძუძუმწოვარა ბავშვით, მოუთხოვია ბილეთი და რაკი არც ბილეთი, არც ფული არ ქონებია საწყალ ქალს, აუღია და გაქანებულ მატარებლიდან გადაუგდია, ქალი საბედნიეროთ ცოცხალი გადარჩენილა. ,,აფხანიკო“ მუდამ პირზე აკერიათ ასეთ ვაჟბატონებს და ამისთანა საზიზღარ საქმეს კი ჩადიან.
* თფილისის მეტივეებს შეუდგენიათ არტელი და ყველა მათგანს თავისი ჯამაგირი საერთო კასაში მიაქვს და მერე ანაწილებენ. ერთ მათგანს, მიხა ქამხაძეს, კასიდან ერთი მანეთი მოეპარა (დამეწვა გული:)) ამხანაგებს მური წაუსვიათ პირზე და უტარებიათ, როგორც ქურდი.
* ზუგდიდიდან გვწერენ, რომ იქაურ წიგნის მაღაზიაში, რომელსაც ბ–ნი მ. ადამია განაგებს, სანთლით ვერ იპოვით ერთ თანამედროვე შინაარსის წიგნაკს. მართალია ადგილობრივი პოლიცია ,,შლიაპის“ ტარებისა და დაფიქრებული სიარულისთვის იჭერს ხალხს, მაგრამ სხვაგან ნება დართული წიგნების აკრძალვა არ შეუძლია და რომც მოიწადინოს ასეთი თვითნებობა, მაშინაც შეიძლება საქმეს ეშველოს. თორემა ახლანდელი საქციელი ადამიასი იმასა გავს, რომ ,,მგლის შიშით კაცი ტყეში ვეღარ შეხვიდე“. მკითხველისათვის საჭიროა თანამედროვე შინაარსის წიგნაკები და წიგნის მაღაზია ვალდებულია მოგვაწოდოს.
ს. ერთაწმიდელებს დაუდგენიათ 20 სექემბერს, ესტატეს დღეობაზე სტუმრები აღარ მიიღონ. ვინც სოფლის ამ დაგენილებას დაარღვევს, იმ მასპინძელს გადახდება 15 მანეთი და სტუმარს 5 მანეთი ჯარიმა სოფლის სასარგებლოთ.
ახალი ამბები
* თფილისის მკერვალთა პროფესიონალური კავშირი აცხადებს, რომ ის დღეიდან ბოიკოტს ხსნის არტემ დანიელოვს, რადგან მან საჯაროდ ბოდიში მოიხადა და იმედია შემდეგში აღარ ჩაიდენს ასეთ საქმეს.
* კვირას, 10 სექტემბერს თავის ეკლესიაში წირვის შემდეგ, საქართველოს ექსარხოსმა ნიკონმა სიტყვა წარმოსთქვა, სადაც საღმრთო წერილიდან ამტკიცებდა, რომ სიკვდილით დასჯა ღვთისგან ნებადართულია და აუცილებლათ საჭირო საშუალებაა ,,ხალხის მოსარჯულებლათო“
განცხადებებიდან:
ქუთაისში, წითელი ხიდის თავში გაიხსნა იაფფასიანი სასადილო
ე კ ო ნ ო მ ი ა
სასადილოში ყოველდღე მზადდება სუფთათ და წმინდათ სხვადასხვა საჭმელები. აქვე იყიდება ყველანაირი სასმელები.
პატივისცემით გიორგი ასათიანი და ამხ.
